„ამო“, ანუ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი
ზუსტად 60 წლის წინ, 1947 წლის 24 ივნისს, აშშ-ში (ვაშინგტონის შტატი) ამოუცნობი მფრინავი ობიექტის (ამო) შესახებ უფოლოგიის ისტორიაში პირველი მონაცემები იქნა დაფიქსირებული. აქედან მოყოლებული მსოფლიოში არ ცხრება არაოფიციალური დისკუსია იმის შესახებ, რა არის ამო: მითი, ბუნებრივი მოვლენა თუ მტკიცებულება დედამიწის გარეთ ცივილიზაციის არსებობის შესახებ.
უფოლოგები, ანუ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მკვლევარები ასახელებენ რამდენიმე საბუთს იმასთან დაკავშირებით, რომ ამო - არც მითია და არც მონაგონი. ცნობილ უფოლოგს ჯოზეფ ალენ ჰაინეკს დასამტკიცებლად მოაქვს ის ფაქტი, რომ «ყველაზე უფრო აზრიანი და მკაფიო შეტყობინებები მოდის იმ თვითმხილველებისგან, რომლებიც პრობლემაში არ არიან გათვითცნობიერებული, სამაგიეროდ გულწრფელად უკვირთ ნანახი. ამო-ს ფანატები ან ოკულტისტები და მისტიკოსები კი საკუთარ აღწერილობებს იშვიათად გზავნიან. თანაც, ეს უაზრო ტექსტები ადვილად ვლინდება და უვარგისად მიაჩნიათ. გარდა ამისა, ამო ხშირად ერთდროულად რამდენიმე თვითმხილველის მიერ დასტურდება.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამო-ს თვითმხილველები დაცინვის ობიექტები ხდებიან და საკუთარ კარიერასაც საფრთხეში აგდებენ, მოვლენის კვლევაში თანამონაწილეობაზე მაინც არ ამბობენ უარს. ზოგჯერ თვითმხილველები სიცრუის დეტექტორზე ტესტირების გავლაზე თანხმდებიან. ამო-ს შესახებ ცნობები მოდის მეცნიერებისგანაც. თვით სკეპტიკურად განწყობილი მკვლევარი დონალდ მენზელიც კი წერდა, რომ პირადად აკვირდებოდა ცაში ნათებას და იძულებული გახდა ამო-ს არსებობა ეღიარებინა.
ამო-ს შესაძლო არსებობის კიდევ ერთი დადასტურებაა იმ სიმპტომთა მსგავსება, რომლებიც მედიცინის მუშაკებმა მოვლენის თვითმხილველებში გამოავლინეს. როგორც წესი, დაფიქსირებულია მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, გულისრევა. ექიმები თვლიან, რომ ეს შეიძლება გამოსხივების შედეგი იყოს. ამავე დროს, არის მონაცემები იმის შესახებაც, რომ ადამიანები ამო-სთან შეხვედრის შემდეგ უკურნებელი სენისგან განიკურნენ. 73 წლის არგენტინელს ვენტურა მასეირასს, რომელმაც 1972 წლის 30 დეკემბერს საკუთარი სახლის ზემოთ ამო დაინახა, მისი სიტყვებით, ახალი კბილები ამოუვიდა.
მოსკოვის ფსიქიატრიის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი იური პოლიშჩუკი გაზეთ «არგუმენტი და ფაქტიში» ადამიანთა გამოჯანმრთელების შემთხვევების შესახებ წერდა: «ყოველთვის, როცა სერიოზული მეცნიერები ასეთ მოვლენებში გარკვევას ცდილობდნენ, აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ეს ან ილუზიების ან დამახინჯებული მსჯელობის შედეგი იყო, ანდა თვითშთაგონება, რომელიც ნამდვილად კურნავს – შეიძლება კეთილთვისებიანი სიმსივნის ან ნაწიბურის გაწოვა მოხდეს. მეცნიერულად ეს სავსებით ახსნადია. მაგალითად, ადამიანს ჰქონდა კისტა რომელიმე შინაგან ორგანოში. მას მოეჩვენა, რომ დაჯდა «თეფში»... გაუკეთეს ოპერაცია, კისტა ამოუღეს, ნაკერები კი არ დარჩა. როცა მას ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარეს, აღმოჩნდა, რომ კისტა აღარ ჰქონდა».
ამავდროულად არსებობს ბევრი ფოტოსურათი და ვიდეოფირი, რომლებზეც ამოუცნობი ობიექტებია აღბეჭდილი. სურათების ნამდვილობა დადასტურებულია ექსპერტიზით, მაგრამ რადგან ამო-ს გამოჩენა ყოველთვის მოულოდნელად ხდება,
ამის გამო გამოსახულება იშვიათად არის ხარისხიანი.
ალენ ჰაინეკი ასახელებს რამდენიმე კრიტერიუმს, რომელთა მიხედვითაც დღისით გადაღებული ამო-ს ფოტოების ნამდვილობა დგინდება. პირველ რიგში, უნდა მოხდეს «იმ ფოტოგრაფის საიმედოობის დადასტურება, რომელმაც ამო პირადად ნახა გადაღების მომენტში». მეორე, თვითმხილველმა მკვლევარებს უნდა წარუდგინოს ნეგატივების ორიგინალები და თვით ფოტოკამერა, რომლითაც ფოტოები გაკეთდა და, მესამე - ფოტოგრაფმა აუცილებლად ფიცით უნდა დაადასტუროს სურათების ნამდვილობა და აგრეთვე ისიც, რომ ეს გამოსახულება ნამდვილად ამოუცნობი ობიექტისაა და არა სხვა რამის. უკანასკნელი პირობა არ არის აუცილებელი, თუ წარმოდგენილ ფოტომასალას სხვადასხვა წერტილიდან გადაღებული რამდენიმე დამოუკიდებელი სურათი ახლავს თან.
ამო-ს კვლევაში მნიშვნელოვანი პუნქტია ამო-ს და მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულება. ერთი მხრივ, მრავალი გამოჩენილი მკვლევარი, მაგალითად, ალენ ჰაინეკი და დონალდ მენზელი - ასტროფიზიკის პროფესორები არიან. მეორე მხრივ, მეცნიერთა უმრავლესობა ამო-ს, როგორც დედამიწის გარეთა ცივილიზაციის წარმომადგენლის შესაძლებელ არსებობას მაინც არ აღიარებს.
No comments:
Post a Comment